საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა
2022 წლის 21 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცედურით.
2021 წლის დეკემბრის ცვლილებებით, ოთხჯერ გაიზარდა მოსამართლეთა სხვა სასამართლოში არანებაყოფლობით მივლინების ვადები და გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში მივლინების აკრძალვა; ასევე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პროცესში გაჩნდა მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების შესაძლებლობა, რაც შესაძლებლობას იძლევა რომ მოსამართლეს მყისიერად შეუწყდეს უფლებამოსილება. სადავო ცვლილებებით, ასევე გაჩნდა მოსამართლეთა ახალი ბუნდოვანი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და გაუარესდა მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში დანიშვნის სისტემა.
ჩვენი შეფასებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას და ამავდროულად ხელყოფს პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კონსტიტუციურ სარჩელთან ერთად მოთხოვნილი გვაქვს სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების შუამდგომლობა.
საქართველოს სახალხო დამცველი ამ კონსტიტუციური სარჩელით მიზნად ისახავს ინდივიდუალური მოსამართლეების პროფესიული თავისუფლების მხარდაჭერას. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევა სასამართლოს შიგნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლებაა. 2021 წლის დეკემბრის ცვლილებებმა ამ მიმართულებით გააუარესეს სიტუაცია და საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება და მათზე ზემოქმედების ბერკეტების შემცირება.
სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენს მიერ გასაჩივრებული აქტები საჭიროებენ დროულ შეჩერებას და გაუქმებას, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა რეალური იყოს და ამ მიმართებით, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები არ შეგვექმნას.