ახალი ამბები

ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ვიზიტი

2018 წლის 20 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი როსა კორნფელდ-მატტე ეწვია. ექსპერტთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რუსუდან კოხოძემ საქართველოში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და დაბერების თემასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო სახალხო დამცველის მნიშვნელოვან როლსა და განხორციელებულ საქმიანობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

დამოუკიდებელი ექსპერტის საქართველოში ვიზიტის მიზანია ხანდაზმულ პირთა უფლებებთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლა, პოზიტიური მიდგომებისა და ხარვეზების აღმოსაჩენად. ვიზიტის შემდგომ როსა კორნფელდ-მატტე სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგენს.

სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ანდა კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას, თუ პრაქტიკას მოცემულ ქვეყანაში.

ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს მოწვევის წერილი საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წლის თებერვალში გაუგზავნა, სადაც ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია და ინდივიდუალური და სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლის, სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირების მიზნით ქვეყანაში მოიწვია.


იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)