საქართველოს სახალხო დამცველმა ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი მოიწვია
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს როზა ქორნფელდ მატეს. მოწვევის მიზანია ხანდაზმულთა უფლებების დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და რეაგირების ქმედითი მექანიზმების იდენტიფიცირება.
წერილში საუბარია ქვეყანაში ხანდაზმულთათვის არაკეთილსაიმედო გარემოზე, რაც გულისხმობს დაბალ შემოსავლებსა და სიღარიბის მაღალ რისკს, ჯანდაცვის სექტორზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ასაკის საფუძველზე, არაადაპტირებულ შენობებსა და ტრანსპორტს, სახელმწიფოს სოციალური დახმარების პაკეტის არაეფექტურობას. წერილში ასევე მოხსენიებულია სახალხო დამცველის ოფისის მიერ ხანდაზმულთათვის მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი რიგი პრობლემები, მათ შორის ბენეფიციართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დოკუმენტაციის წარმოების ხარვეზები, პერსონალის ნაკლებობა და დაბალი კვალიფიკაცია, არაადაპტირებული ფიზიკური გარემო და სხვა.
სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სპეციალურ პროცედურათა ზოგიერთი მანდატის მფლობელი ასევე მართავს პრეს-კონფერენციებს და აქვეყნებს პირველად შეფასებებს ქვეყნებში ვიზიტების დასრულებისას.
სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, მოხდება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პირების უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, რათა ხანდაზმულ პირებს ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები შეექმნათ.