ახალი ამბები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში

2021 წლის 28 ივლისს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიშში საუბარია უცხოელთა, მათ შორის მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობაზე საქართველოში, სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, პოზიტიურ ტენდენციებსა და გამოწვევებზე.

ღონისძიების გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განიხილა კოვიდით გამოწვეული ეპიდემიური მდგომარეობის გავლენაზე უცხოელებზე, განსაკუთრებით იმ მიგრანტებზე, თავშესაფრის მაძიებლებზე, საერთაშორისო დაცვის და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც პანდემიამდეც მოწყვლად კატეგორიაში მოიაზრებოდნენ; დადებითად შეაფასა სახელმწიფოს მიერ ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, ამ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებში ჩართვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ გარკვეული კომპონენტების მიღმა დარჩნენ თავშესაფრის მაძიებლები და შრომითი ბინადრობის მქონე პირები.

მისასალმებელ სიტყვაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა ქემლინ ფარლიმ ყურადღება გაამახვილა თავშესაფრის სისტემის პროგრესზე და კოვიდ პანდემიის დროს თავშესაფრის პროცედურისა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობაზე. თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის სისტემის გადატვირთულობა, საიდენტიფიკაციო მოწმობების გაცემის შეფერხება და ინტეგრაციის საკითხები განსაკუთრებით ხაზგასასმელია. მოქალაქეების არმქონე პირებთან მიმართებაში აღინიშნა, რომ კანონმდებლობის, პოლიტიკისა და მიდგომების დახვეწის მიუხედავად, კვლავ რჩება სფეროები, რომლებიც საჭიროებენ მყისიერ რეაქციას აღნიშნულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ დეტალურად ისაუბრა სახალხო დამცველის საქმიანობაზე უცხოელთა, მათ შორის მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივ მდგომარეობაზე. ასევე, წარმოადგინა სახელწიფო უწყებების მიმართ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ თავები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (გვ.459-468).

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)