ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - 2024
2024 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. წელს ღონისძიებას მასპინძლობა საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ გაუწია.
სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა; აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მრავალი წელია მუშაობს ქვეყანაში ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დასანერგად. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა აპარატის ძალისხმევას ტოლერანტობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევების და ტენდენციების შესასწავლად, რაც შემდგომ სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში აისახება.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ასევე, მართლმადიდებელი, კათოლიკური, სომხური, სახარების რწმენის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების, ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, ებრაელთა კავშირის და მუსლიმური თემის წარმომადგენლები.