თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
31 მაისს მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ქვეყანაში ბოლო 7 წლის განმავლობაში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას, რაც მოსახლეობის ჯანდაცვისთვის შექმნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის აღსაკვეთად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.
სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, როგორც თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი საზედამხედველო ორგანოდან, მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან არასრულწლოვანთა დაცვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. 2022 წელს და 2023 წლის პირველ კვარტალში გამოვლენილი სამართალდარღვევების უმრავლესობა შეეხებოდა თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაციას (როგორც პირველადი ისე განმეორებით ჩადენილი) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი მიზანი არასრულწლოვან პირებზე თამბაქოს ნაწარმის იოლი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რომლის საფრთხეების შესახებ სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა სპეციალურ ანგარიშში „თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“.
გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში ელექტრო სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების კონტროლი, რაც კანონმდებლობით ასევე მიიჩნევა თამბაქოს ნაწარმად. აღნიშნული გარკვეულწილად უკავშირდება პროდუქციის მიმართ საზოგადოების ნაკლებ ცნობიერებას და უფლებამოსილი ინსტიტუტების მხრიდან არასათანადო ზედამხედველობას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს უფლებამოსილი ორგანოების მიერ თამბაქოს კანონმდებლობის ეფექტური მონიტორინგის გაგრძელების მნიშვნელობას, მათ შორის თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა ეფექტურ დაცვის და დახურულ სივრცეებში ელექტრონული სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით.