სპეციალური ანგარიშის „კოვიდ 19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“
2022 წლის 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, სადაც ბავშვთა უფლებებზე კოვიდ 19-ის პანდემიის ზემოქმედება და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები არის შეფასებული. კვლევა მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონული ოფისის (UNICEF ECARO), გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) მხარდაჭერით.
კოვიდ 19-ის პანდემიამ, ბავშვის უფლებების დაცვა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, თითქმის ყველა მიმართულებით. კვლევაში შეფასებულია სახელმწიფოს მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პანდემიის პირობებში მიღებული ზომების ზეგავლენა ბავშვის უფლებათა სამ ძირითად მიმართულებაზე: ბავშვების დაცვა ძალადობისგან, ზოგადი განათლების უფლება და ალტერნატიული ზრუნვა.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ზომებმა დაამძიმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. კერძოდ, პანდემიის პერიოდში გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ძალადობის მოწმედ ყოფნის რისკები და კიდევ უფრო შემცირდა მათი გამოვლენის მექანიზმები. გაზრდილი რისკების მიუხედავად, არ შეინიშნება სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართვიანობის არსებითი მატება.
მწვავედ პრობლემად გამოიკვეთა შშმ და სსსმ ბავშვების ეფექტიანი ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში, სწავლების ხარისხი, ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე წვდომის მაჩვენებელი და სხვ.
პანდემიის სამართავად შემუშავებული რეგულაციების პრაქტიკაში აღსასრულებლად, სახელმწიფოს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებისთვის სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩენია. მიღებულმა ზომებმა კი მნიშვნელოვნად შეზღუდა სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრები არასრულწლოვნების პირისპირ კომუნიკაცია თავიანთ ოჯახებთან, მეგობრებთან და სოციალურ მუშაკებთან, ასევე მათი წვდომა სხვადასხვა ფსიქოსოციალურ სერვისებზე.
ონლაინ ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა კვლევის შედეგები და აღნიშნა, რომ 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის 8 ივნისის ჩათვლით მანდატურის სამსახურის მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში რეფერირების რაოდენობა 197 ერთეულით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან. ხოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების შემთხვევები, მხოლოდ 47 ერთეულით აღემატება 2019 წლის მონაცემებს, რომელთა უმრავლესობა ადრეული ქორწინებისა და ადრეული ქორწინების რისკებს ეხება.
„ვფიქრობთ, რომ სპეციალური ანგარიშის მიგნებები და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები საინტერესო იქნება შესაბამისი უწყებებისთვის, როგორც კოვიდ 19-ის პანდემიის განმავლობაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით, ასევე სხვა კრიზისულ სიტუაციებში სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების პროცესში. აქვე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვანთა აზრის მოსმენა და მათი ჩართულობა,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.
პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.
კვლევის შედეგები წარმოადგინეს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან სოხაძემ, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მკვლევარმა გოგა ხატიაშვილმა, ბავშვთა განათლების უფლების ექსპერტმა მარიამ ჯანიაშვილმა და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების უფლებების მკვლევარმა ნანა გოჩიაშვილმა.
ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და თემაზე მომუშავე ექსპერტებმა.