ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“

2021 წლის 21 აპრილს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიში წარადგინა „2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“.

2019 და 2020 წლებში ორივე ოკუპირებულ რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო რამდენჯერმე შეიზღუდა გადაადგილება. კოვიდ პანდემიამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ოკუპირებულ ახალგორში არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი. 2019 წლის 4 სექტემბრიდან გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად ათეულობით ადამიანის გარდაცვალების ფაქტებმა ნათლად წარმოაჩინა სამედიცინო დახმარების სავალალოდ დაბალი ხარისხი და თავისუფალი მიმოსვლის სასიცოცხლო მნიშვნელობა. ჩაკეტვამდე ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტით სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა საარსებო სერვისების მისაღებად ყოველდღიურად 400-მდე ადამიანი სარგებლობდა. ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტით კი, სრულად გახსნის შემთხვევაში, დღიურად 1400-1500 ადამიანი გადაადგილდებოდა. დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა.

სპეციალურ ანგარიშში ასევე, დეტალურად არის გაანალიზებული საოკუპაციო ხაზზე, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და სისხლის სამართლისსაქმეების წარმოება დაიწყო. (ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის დახვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები). იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნათელი მაგალითია 2020 წლის 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის საქმე და 28 წლის ინალ ჯაბიევის ცემით გარდაცვალების ფაქტი.

ანგარიშში ასევე გაანალიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტაციის საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, უკანონო დაკავებები, გადაადგილებისათვის აუცილებელ დე ფაქტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომაზე. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებების დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების დაშვების უზრუნველსაყოფად.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)