შეხვედრა ევროსაბჭოში სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე
2015 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის ადამიანის უფლებათა სააგენტოს, ევროპის თანასწორობის ინსტიტუტების ქსელის და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის სტრასბურგში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში. შეხვედრის გახსნაზე ევროპის სოციალურ უფლებათა კომიტეტის გენერალურმა მომხსენებელმა ლაური ლეპიკმა ევროპის სოციალური ქარტიის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. გამოიკვეთა პრობლემა, რომ ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლებს სოციალური ქარტიიდან მომდინარე ვალდებულებები გაცნობიერებული არ აქვთ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უფრო აქტიურად იმუშავებენ ცნობიერების ამაღლებაზე სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მხრივ, მათ შორის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან; მოხდება მუშაობა იმ სახელმწიფოებთან რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული განახლებული სოციალური ქარტია და ასევე იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც არ აქვთ მიღებული ქარტიის ყველა მუხლი, რათა მომავალში უკეთ იყოს დაცული სოციალური და ეკონომიკური უფლებები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2005 წელს მოახდინა განახლებული სოციალური ქარტიის რატიფიცირება, არის რიგი მუხლები, რომელიც არ არის მიღებული ქართული მხარის მიერ და რომ სახალხო დამცველი ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს.