შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესთან
13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლების რეალიზების მიმართულებით ცესკოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს ცესკოში არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული როგორც შშმ პირთა, ისე ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში.
„ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე იყოს გარანტირებული და მათ ეს შეძლონ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მნიშვნელოვანია, გარემო იყოს მისაწვდომი, სადაც ისინი არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობას შეძლებენ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც შეთანხმდნენ.