შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლებთან
2020 წლის 31 იანვარს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს თანამშრომლები ეთერ შიუკაშვილი და ნათია ფიცხელაური ბავშვთა უფლებებისა და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე სასაუბროდ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თელაველებს სახალხო დამცველის მანდატი და სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობა გააცნეს. ისაუბრეს ბავშვის უფლებათა კოდექსის მნიშვნელობაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაზე, ბავშვზე ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელიც სამ ეტაპად ხორციელდება.
შეხვედრის მიმდინარეობისას მშობლებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ფსიქოლოგის არსებობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. პრობლემურ საკითხებად გამოიკვეთა, ასევე, საბავშვო ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა, რადგან მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ბაღების უმეტესობას არ მიეწოდება სასმელი წყალი, კეთილმოწყობას საჭიროებს ბაგა ბაღების ეზოები. არ ხდება ბავშვების სრულად უზრუნველყოფა საკანცელარიო ნივთებით.
სახალხო დამცველის რწმუნებულები გააგრძელებენ შეხვედრებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის აღსაზრდელების მშობლებთან.