შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
2023 წლის 24 და 26 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ლიკა ღვინჯილია და გიორგი კვირიკაშვილი თბილისის 130-ე და 150-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და განათლების უფლების მნიშვნელობაზე, მის კომპონენტებსა და ამ უფლებასთან მიმართებით სახალხო დამცველის პრაქტიკაზე ესაუბრნენ.
საუბარი ასევე, შეეხო ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების მნიშვნელობას, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებას და აპარატის მიერ სახელმძღვანელოთა შინაარსის შესწავლის პროცესს.
შეხვედრაზე მიმდინარე აქტიური დისკუსიისას მოსწავლეები დაინტერესდნენ როგორც განათლების უფლების, ისე ბავშვთა უფლებების სხვადასხვა ასპექტით. ამავდროულად, დეტალურად გაანალიზეს სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული მიგნებები.
შეხვედრები განათლების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა.