შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე
2024 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე და სახელმწიფო ორგანიზაციებისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით აპარატის საქმიანობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის მონაწილეებმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის რატიფიკაციის შედეგად ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და პოლონეთის მაგალითზე შშმ პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საკითხები განიხილეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.