შეხვედრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულის ოჯახთან
დღეს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები მოინახულა. გახელაძე 11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაჭრეს და დააკავეს.
დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.
სახალხო დამცველის განცხადებით შემაშფოთებელია, რომ კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გადაადგილების, საკუთრების, განათლების მიღების თუ სხვა ადამიანის უფლების სისტემატიური შეზღუდვა.
სამწუხაროდ, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ბოიკოტის გამო 2019 წლის შემდგომ შეჩერებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა, ხოლო ინდივიდუალური თუ სისტემური ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით არაეფექტიანია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. ამ ფონზე აუცილებელია სახელმწიფომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და ჩართულობით გაააქტიუროს მოქმედი ფორმატების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ასევე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებით განიხილოს ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ეფექტიანი და ქმედითი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა და არსებული ფორმატების გამოყენება, რათა შესაძლებელი იყოს სწრაფი და დროული მოქმედებების განხორციელება.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნება ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე.