შეხვედრა პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის პრეზიდენტთან
2024 წლის 28 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ახლადარჩეულ პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის პრეზიდენტს მიროსლავ ვრობლევსკის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ინსტიტუციების მანდატები გააცნეს. ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებისთვის ქვეყნის შიგნით მოქმედი ომბუდსმენისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისებს შორის მჭიდრო საქმიანი ურთიერთობის მნიშვნელობას. ასევე განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველისა და პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ლევან იოსელიანმა პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის პრეზიდენტს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მიროსლავ ვრობლევსკი ახალი პოზიციიდანაც გააგრძელებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) ბორდის წევრობის, მანამდე კი, პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრის მოადგილედ ყოფნის პერიოდებში ეწეოდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის წარმომადგენელი, პრეზიდენტის მრჩეველი პიოტრ დობრეკი.