შეხვედრა კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
2020 წლის 11 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე თელავში კახეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით რეგიონში არსებული მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები. შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ქორიძე და აპარატის სხვა თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველმა სწორედ იმ ადამიანებისგან მიიღოს ინფორმაცია, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა ამ პრობლემების მოგვარებას უკავშირდება“, - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე მთავარ პრობლემად დასახელდა მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა ბიუჯეტირების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში. ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ბოშათა თემის მდგომარეობაზე. განიხილეს თანასწორობის საკითხები. განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე, ოჯახში ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემები, რაც როგორც მთელ საქართველოში, კახეთის რეგიონშიც ფართოდ არის გავრცელებული.
მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე, ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე - წყლისა და გზის ხელმისაწვდომობაზე, საბავშვო ბაღების, სკოლების ამბულატორიების გაუმართაობაზეც ისაუბრეს.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომელთაც ასეთი ტიპის შეხვედრების შედეგად ეცნობა.