შეხვედრა გორის უმაღლესი სასწავლებლებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან
2023 წლის 20-21 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები გვანცა დავითაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ადმინისტრაციას, აკადემიურ პერსონალს, სამართლის სტუდენტებს, გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
აპარატის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლების შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული სპეციალური ანგარიშის მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყენებული სასწავლო მასალების შესწავლის მიმართულებით სახალხო დამცველის პრაქტიკა გააცნეს.
ასევე, ჩატარდა შეხვედრები გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან შეხვედრისას განიხილეს სკოლებში ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხი და ამ მიმართებით არსებული გამოწვევები. დისკუსიისას, მონაწილეებმა სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსის შესწავლის კუთხით აპარატის მიგნებებიც გაანალიზეს.
ღონისძიებები „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა.