შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან
2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველის მრჩეველმა ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე და მათ წინაშე მდგარ ძირითად გამოწვევებზე, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, დოკუმენტაციის პრობლემები, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის.
მერი კოჭლამაზაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის სახელით მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისათვის და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა.