შეხვედრა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წარმომადგენლებთან
2024 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოუენ მერფის შეხვდა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და არჩევნების დღესთან დაკავშირებით აპარატის როლი და საქმიანობა განიხილა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატსა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის, აპარატის მიერ იდენტიფიცირებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევებზე, გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებების შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. ასევე განიხილა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის, სხვადასხვა ღონისძიებებსა და საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის გამო შესაძლო ზეწოლის შესახებ შესწავლილი საქმეები.
შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარსელ ნაჯი და სამართლებრივი ანალიტიკოსი ანნა მელიქიანი ესწრებოდნენ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისია თბილისში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფება.