შეხვედრა აჭარის პოლიციის თანამშრომლებთან
2020 წლის 19 თებერვალს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილს და პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი განიხილეს; ისაუბრეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევებზე, კრიზისულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის გადატვირთულობის პრობლემაზე, სოციალურ მუშაკთა სიმცირეზე. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს სექსუალური შევიწროვების საკითხებზე, რომელიც გასულ წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა.
სახალხო დამცველი დაინტერესდა პოლიციელთა საჭიროებებით საქმიანობის ეფექტურად შესრულებისათვის და ამ კონტექსტში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის პრაქტიკაში გამოყენების სირთულეებზეც იმსჯელეს.