სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
2015 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელის „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდარაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ თაობაზე, „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრილი პირებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან. ოჯახებს, რომლებიც თვითნებურად არიან შეჭრილი სახელმწიფო საკუთრებაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ოჯახს, თავისუფლად შეიძლება ჰქონდეთ სოციალური დახმარების მიღების საჭიროება. შესაბამისად, ბლანკეტური აკრძალვის დაწესება, წარმოადგენს უფლებაში ჩარევის იმდენად ინტენსიურ ფორმას, რომ თანასწორობის იდეას აზრს უკარგავს.
მართალია, სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული დისკრეცია სოციალური პოლიტიკის განხორციელების ეტაპზე, თუმცა, ადამიანისთვის ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფასთან წვდომის აკრძალვა, საკუთრების დაცვის მიზნით, ასევე იწვევს ადამიანის დამცირებას, მისი ღირსების შელახვას, პირის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, შესაძლოა სოციალურ დახმარებასთან წვდომის ბლანკეტური აკრძალვა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს ადამიანის ღირსების უფლების კონტექსტში.
ამასთანავე, აუცილებელია სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის შინაარსის მიცემითა და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ანალიზით, მოხდეს სოციალური დაცვის უფლების რეალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრი ვალდებულება სოციალური უფლებების უზრუნველყოფის თაობაზე, დარჩება მხოლოდ აბსტრაქტული და ილუზორული.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური სახელმწიფო არ არის მხოლოდ დეკლარირებული, ბუნდოვანი დებულება, რომლის განხორციელება სახელმწიფოს კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული, არამედ, პრინციპის შინაარსი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და ამოცანების ერთობლიობით განისაზღვრება.