სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის მოკლე ვერსია
2016 წლის 16 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპარლამენტო ანგარიშის მოკლე ვერსია წარმოადგინა. ანგარიშში ასახულია გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ამსახველი დადებითი და უარყოფითი ტენდენციები.
საპარლამენტო ანგარიშში შესული 34 თავი მოიცავს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელთა შესრულების დროულობასა და ხარისხზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში.
2015 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა საქართველოსთვის: გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს ხელისუფლება ატარებდა რეფორმებს მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად კვლავ რჩებოდა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და მოწმეთა დაკითხვის წესის ცვლილება. თუმცა, ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად; განსაკუთრებით საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების და დანიშვნის პროცესი.
კვლავ გამოძიების რეჟიმშია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი; პრობლემად რჩება პოლიციასა და პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების ეფექტური გამოძიება; არ სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვასთან და სასჯელაღსრულების #7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით.
2015 წელს მწვავედ იდგა პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი; არაეფექტურია საქართველოს პროკურატურის საქმიანობა წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით.
ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ფაქტებს. დაუსჯელობის სინდრომმა და მსგავსი დანაშაულის ფაქტებზე არაეფექტურმა გამოძიებამ გარკვეულწილად სტიმული მისცა ახალ დანაშაულს. არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რამდენიმე აქციაზე სახელმწიფომ ვერ შეძლო კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა ან გაუმართლებლად შეზღუდა შეკრების თავისუფლება. ზოგადად უზრუნველყოფილი იყო მრავალფეროვანი მედია გარემო. თუმცა, წლის ბოლოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შესახებ მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მწვავედ დადგა ჯანსაღი მედია გარემოს შენარჩუნებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები.
მწვავე პრობლემად დგას შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი.
პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევაც; დღემდე არ მომხდარა ევროპის საბჭოს 2011 წლის „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიცირება. გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზები მონიტორინგის განხორციელებაში რეალურ დაბრკოლებას გვიქმნის.
ერთ–ერთ ყველაზე მწვავე საკითხს წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზება, რასაც კიდევ უფრო ართულებს მოსახლეობის დროული ინფორმირების და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის დაბალი ხარისხი – მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
შემაშფოთებელია ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვა, ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მაღალმთიან რეგიონებში. პრობლემებია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში; კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან.
გართულებულია რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა; დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
არ არსებობს უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზა, რაც ხელს უშლის მათი რაოდენობის, საჭიროებების, მიზნობრივი დახმარებისათვის ფინანსური სახსრების განსაზღვრას; განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებლთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ირღვევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები; ყურადსაღებია დევნილთა განსახლება და სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრების და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ათი ათასობით ოჯახის მდგომარეობა; სავალალოა თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მდგომარეობა; დღემდე აქტუალური განსჯის საგანია სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მესხების დაბრუნების საკითხი.
სახელმწიფოსთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში დამკვიდრებისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის ადეკვატური გარემოს შექმნა; ასევე, ხანდაზმულთა სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხე.
წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა, ისევე როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით იკვეთება რიგი პრობლემები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება დაცვის სამსახურის მიზნებისთვის ხდება, არ მიმდინარეობს მათი საბრძოლო და ფიზიკური მომზადება. შესაბამისად, აუცილებელია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემური დახვეწა.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია