ახალი ამბები

სახალხო დამცველი გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის სესიაზე მოხსენებით წარსდგა

2018 წლის 31 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის მე-20 სესიას დაესწრო და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) სახელით მოხსენებით გამოვიდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მიღების და შესაბამისი კომიტეტის საქმიანობის 10 წლის აღნიშვნას, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითების განხილვას.

საქართველოს სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელების პროცესში კომიტეტის და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული გამოწვევები მტკიცე თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით იქნება დაძლეული.

ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მონიტორინგის ორგანოს საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო პრინციპები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო როგორც მონიტორინგის ორგანოს შექმნის, ასევე ალტერნატიული ანგარიშის მომზადების პროცესში.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობების და ხელმისაწვდომობის საკითხებში, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის და შეზღუდული შესაძლებლობების საერთაშორისო ალიანსის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ბიუროს სრულუფლებიანი წევრია.

ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)