სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს
2016 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესწორებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პირველი მოსმენის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტის განხილვის პროცესი მაქსიმალურად ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა და სულ რამდენიმე საათის შუალედით, სამი მოსმენით იქნა მიღებული. გარდა ამისა, კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის შემდგომ, პირველი მოსმენით შეტანილი ცვლილებები და მეორე მოსმენის ეტაპზე დაყენებული სრულიად ახალი ინიციატივები კომიტეტის სხდომამდე საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი.
აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისა და მიღების საკანონმდებლო პროცესი იყოს ღია და უზრუნველყოფდეს მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის მიუხედავად, საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ცვლილებების განხილვა ამ პრინციპების დარღვევით წარიმართა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხის მნიშვნელობისა და მოლოდინის მიუხედავად, არ მომხდარა სამართლებრივი დასკვნისთვის კანონის პროექტების ვენეციის კომისიისათვის წარდგენა. კერძოდ, 2016 წლის 11 მაისს, საქართველოში ვიზიტის ბოლოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას, რათა კანონპროექტის მე–2 მოსმენით განხილვამდე მომზადდეს შესაბამისი დასკვნა.
მიუხედავად აღნიშნულისა, საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სესიაზე მე–2 მოსმენით მიღებიდან მალევე, მხოლოდ რამდენიმე საათში (არასამუშაო საათებში), ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე მე–3 მოსმენით მიიღო ცვლილებები, რაც შემდგომ პლენარულ სესიაზე დამტკიცდა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების შინაარსს, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა, ნაცვლად „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისა, რაც კანონპროექტის პირველადი ვერსიით იყო შემოთავაზებული. მისასალმებელია, პირველადი ჩანაწერის ამგვარი ცვლილება, რაც საქართველოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციას წარმოადგენდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს რიგი პრობლემური საკითხები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკონსტიტუციო სასამართლოს სწრაფ და ეფექტურ ფუნქციონირებას. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებები შეეხება შემდეგ საკითხებს:
მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლე. აღნიშნული კვორუმი, 6 წევრიდან გაიზარდა 7 წევრამდე. ამასთანავე, შემოთავაზებული ცვლილებებით, გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი (მათ შორის ნორმის შეჩერების თაობაზე) კი ფიქსირებულ 6 წევრამდე გაიზარდა (მოსამართლეთა სრული შემადგენლობის 2/3). მაშინ როდესაც, დღეს მოქმედი კანონმდებლობით გადაწყვეტილებას იღებს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი მაღალი კვორუმის დადგენამ შესაძლოა, რიგ შემთხვევაში, გაართულოს კონსტიტუციური უფლებების დაცვა. კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმათა უბრალო უმრავლესობა. ვენეციის კომისიის შეფასებით, არსებობს ამ წესისგან მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, ისიც საკონსტიტუციო სასამართლოების გარკვეული, სპეციფიური კომპეტენციების შემთხვევებთან მიმართებით.[1]
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მხოლოდ ერთ წევრს, რომელიც არ ეთანხმება უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს საქმის პლენუმისადმი გადაცემა. ზემოაღნიშნულის მსგავსად, აღნიშნული ცვლილებები საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ დავის დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას.
საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მაღალი კვორუმის დადგენის პარალელურად, არსებითად იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველ საკითხთა წრეც. ცვლილებების მიხედვით, პლენუმი იხილავს ნებისმიერ დავას, რომელიც ეხება ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობას ადამიანის უფლებებთან მიმართებით. პლენუმი ასევე იხილავს სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების საკითხს, თუ ამ აქტის მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები; დავებს არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს.
ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10–წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ავტომატურად წყვეტს საქმიანობას. მსგავსი ბლანკეტური შეზღუდვა გულისხმობს, რომ ახლად დანიშნულ მოსამართლეებს, ახალი სარჩელების პარალელურად, მოუწევთ წინა შემადგენლობის მიერ არსებითად განხილული საქმეების ხელახალი განხილვა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს მოსარჩელეთა უფლებების ეფექტურ დაცვას, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს. გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი არსებითად განსახილველ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის 10–წლიანი ვადის გაგრძელების მაქსიმალური ზღვარი. მნიშვნელოვანია, რომ საკითხის დარეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების მიერ მომხდარიყო ისეთი ოპტიმალური წინადადების შემუშავება, რომელიც მოემსახურებოდა, როგორც სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპის დაცვას, ისე მოსამართლეების მხრიდან 10 წლიანი ვადის გაგრძელების შემთხვევაში არსებითად განსახილველ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების დროულ მიღებას.
საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სამართლებრივი დაცვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს. ის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისთვის, კანონის უზენაესობის, სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების და კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, დაგეგმილი რეფორმა შესაბამისი ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობის ფონზე განხორციელდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვისა და მიღების საკანონმდებლო პროცესი იყო გაუმჭვირვალე და არ უზრუნველყოფდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხზე ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის ჯეროვნად წარმართვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით შესაძლოა საფრთხე შეექმნას საკონსტიტუციო სასამართლოს სწრაფ და ეფექტურ ფუნქციონირებას. მნიშვნელოვანია, სასამართლო რეფორმის პროცესში ჩართულმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა გააცნობიეროს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის პროცესში.
[1] იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 11 მარტის დასკვნა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ, პარა. 73–83. ხელისაწვდომია:http://statewatch.org/news/2016/mar/poland-venice-commission-opinion.pdf [ბოლოს ნანახია 2016 წლის 15 მაისს].