საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრები ევროპის საბჭოში
2016 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის და ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის და ევროსაბჭოს სხვა წარმომადგენლებთან.
საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო 2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა; ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ სხვა გამოწვევებზე.
შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე წელს 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილ კომუნიკაციაზე, რომელიც უკავშირდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების აღსრულებას. აღსანიშნავია, რომ ეს კომუნიკაცია სახალხო დამცველმა პირველად წარადგინა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე.
კომუნიკაცია კონკრეტულად ეხება ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების (ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ; მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ) აღსრულების მდგომარეობასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების კუთხით საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ სისტემურ/სტრუქტურულ ხარვეზებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა წარმოადგენს უალტერნატივო პირობას იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ კეთილსინდისიერად შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ამას მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი.
სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.