ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 1 წლისაა

2016 წლის 9 ნოემბერს სახალხო დამცველმა ცხელი ხაზის მუშაობის 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქცია გამართა და მოსახლეობას ცხელი ხაზის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ფლაერები დაურიგა, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკლიპი, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით მომზადდა.

ომბუდსმენის ცხელი ხაზი 14–81 ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან 24 საათის განმავლობაში იღებს და მოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

ცხელი ხაზის ეფექტური ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ ოპერატორები და სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებით აღჭურვილი თანამშრომლები შედიან.

რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გადის მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ასევე არასამუშაო საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების/ორგანოების მხრიდან:

  • პირს ემუქრება სიცოცხლის მოსპობისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე
  • პირი დაექვემდებარა უკანონო დაკავებას, დაპატიმრებას თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვას
  • ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას და სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებენ სათანადოდ
  • ადგილი აქვს მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სხვა დარღვევებს.

2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების საფუძველზე შედგა 294 სატელეფონო ოქმი, ხოლო თბილისის მასშტაბით რეაგირების ჯგუფი 95 ფაქტთან დაკავშირებით გავიდა შემთხვევის ადგილზე.

ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფი ყველაზე ხშირად გავიდა:

პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 17 შემთხვევაზე;

ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 შემთხვევაზე;

შეკრება-მანიფესტაციის უფლების სავარაუდო დარღვევის 11 შემთხვევაზე;

ცხელი ხაზის ნომერზე – 14–81 დარეკვა შესაძლებელია, როგორც საქალაქო, ასევე მობილური ოპერატორების ნომრებიდან. მობილური ოპერატორების ნომრიდან დარეკვის შემთხვევაში 1 წუთის ღირებულება 6 თეთრია, ხოლო საქალაქო ტელეფონიდან დარეკვა უფასოა.

სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზი 2015 წლის ნოემბრიდან ამუშავდა. მისი მოქმედების მიზანი ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა და სახალხო დამცველის აპარატისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებაა.

სახალხო დამცველის აპარატისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოწოდება ცხელი ხაზის გარდა, ასევე შესაძლებელია:

  • ადგილზე ვიზიტით
  • განცხადებით
  • ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@ombudsman.ge office@ombudsman.ge
  • სოციალური ქსელით: www.facebook.com/OmbudsmanofGeorgia
  • საქალაქო ნომრის საშუალებით (032) 2-23 44 99.
9.11.16

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)