საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - 2016 წელი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტი შემუშავებულია „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
ანგარიში მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე. ამასთან, თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მისამართით შემუშავებულ ძირითად, უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისი დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა; ამ მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. სამწუხაროდ, არაერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საანგარიშო პერიოდში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისა და რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცედურების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებას, პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებების სახით. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების მისი სურვილისამებრ ამორჩევა და პარლამენტის დადგენილებაში სახეცვლილი ფორმით ასახვა არ არის გამართლებული, ვინაიდან შესაძლოა პარლამენტის დადგენილებაში არ მოხვდეს საქართველოს მთავრობისათვის ყველაზე კრიტიკული, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც თავის მხრივ შეასუსტებს საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამიტომ სასურველია, საქართველოს პარლამენტმა იმ სახით ასახოს რეკომენდაციები სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ მიღებულ დადგენილებაში, როგორც თავად ანგარიშშია წარმოდგენილი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის აპარატში. 2016 წელს 8 827 განცხადება/საჩივარი შემოვიდა, რაც მაღალი მაჩვენებელია და მეტყველებს წლიდან წლამდე სახალხო დამცველის როგორც ცნობადობის ისე მის მიმართ არსებული მოლოდინების გაზრდაზე.
საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და მასალების მიუწოდებლობის ფაქტები, მონაცემების მოთხოვნილი ფორმით დამუშავების არარსებობის გამო, რაც არასწორ პრაქტიკად უნდა შეფასდეს. მსგავსი მიდგომა, კანონის დარღვევის გარდა, მნიშვნელოვნად აფერხებს სახალხო დამცველის საქმიანობას და ვერ იქნება გამართლებული.
2016 წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე აგრძელებდა რეფორმების განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემის სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა.
მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, პარლამენტმა მნიშვნელოვანი დაგვიანებით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა სახალხო დამცველის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია სასამართლოში საქმის განაწილების ელექტრონული წესის შემოღებაზე. თუმცა, აღნიშნული წესი მხოლოდ 2018 წლიდან ამოქმედება.
საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რადგან შესაძლოა საფრთხე შექმნოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სწრაფ და ეფექტურ ფუნქციონირებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.
2016 წელს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ინიციატივის მიხედვით, გამონაკლისის სახით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში დასაშვები იქნებოდა საერთო სასამართლოების უკვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება, რაც იქნებოდა ერთგვარი გამოხმაურება საზოგადოებაში არსებულ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნაზე. თუმცა, საქართველოს პარლამენტი მხოლოდ საკითხის საკომიტეტო განხილვით შემოიფარგლა და წინადადებას შემდგომი მსვლელობა არ მიეცა. ამ ეტაპზე არც საკონსტიტუციო კომისიის კანონპროექტს აქვს დადებითი გამოხმაურება.
მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაცვის მხარისათვის გაუთქმელობის პირობის ჩამორთმევა გახმაურებულ ე.წ. „ციანიდის საქმეში“, მაშინ როცა პროკურატურა თავად ასაჯაროებდა საქმის სხვადასხვა დეტალებს.
სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიეცა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საანგარიშო პერიოდში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის შემცირებას,[1] რომელიც საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით მაინც მაღალია. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა მაქსიმალურად იყოს მიმართული არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების, მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისაკენ, განსაკუთრებით მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში.
პენიტენციურ დაწესებულებებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პატიმართა შორის ძალადობის პრევენცია, ციხის კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის წინააღმდეგ ქმედითი ზომების მიღება და წესრიგის დაცვა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, განპირობებულია დაწესებულებებში პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობების სიმწირით. დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურა არ აძლევს პატიმრებს საშუალებას დაკავდნენ სპორტით ან სხვა აქტივობით, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. პრობლემურია დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევების რაოდენობის ზრდის ტენდენცია და ზოგადად დისციპლინური სახდელების გამოყენების არაერთგვაროვანი პრაქტიკა.
პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია კვალავაც უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველთან/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, რაც ეწინააღმდეგება ასეთი შეხვედრების კონფიდენციალურობის პრინციპს.
2016 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 2015 წელთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიების რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან მიმართებით დაზიანებით შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიის მქონე პირთა ხვედრითი წილი ყველაზე მაღალია. 2015 წელთან შედარებით ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა.
საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც საუბრობდა. მსგავსი პრაქტიკის სამიზნე ძირითადად პენიტენციური დაწესებულებიდან ახალ გამოსული ან ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღიქმებიან, როგორც „რისკ-ჯგუფი“ თავიანთი კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო.
ე.წ. „გასაუბრების“ სარისკო პრაქტიკა არ უზრუნველყოფს პოლიციასთან ურთიერთობისას მოქალაქის უსაფრთხოებას. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ დ.ს.-ს საქმე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. წერილში, რომელიც მისი გარდაცვალების მერე იპოვეს და სავარაუდოდ მას ეკუთვნის, პოლიციელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი, ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიზნით. დ.ს.-ს საქმეზე სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარებაა საჭირო, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში პოლიციის სამმართველოში პირთა შეყვანის დრო წინ უსწრებს მათი ფორმალური დაკავების დროს. ასეთ დროს, როგორც წესი, პირს იძახებენ მოწმის სახით, მის მიმართ ატარებენ გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს და შემდეგ აკავებენ ოფიციალურად. თუმცა, მოწმის სტატუსით მიყვანის დროსაც პირს არ უმარტავენ უფლებებს, მათ შორის, უფლებას ადვოკატზე; ართმევენ პირად ნივთებს, მათ შორის, მობილურ ტელეფონს, რითაც მიზანმიმართულად უზღუდავენ ოჯახისა და ადვოკატის ინფორმირების უფლებას.
შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან თითქმის ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი.
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციის დამტკიცებას, იზოლატორებში შემოსული საჩივრების განხილვის 5 დღიანი ვადის დაწესებას, კონფიდენციალური საჩივრით მიმართვის მიზნით იზოლატორში მოთავსებული პირის კონვერტით უზრუნველყოფის საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირებას და ვიდეოჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადის განსაზღვრას. თუმცა, 2016 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დადებითი ცვლილებების კვალდაკვალ, 2015 წელს დაფიქსირებული უარყოფითი ტენდენციები სამწუხაროდ კვლავ შენარჩუნებულია 2016 წელსაც. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება კვლავ გამოწვევად რჩება პოლიციის სისტემისათვის. ამდენად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაზე მკაცრი კონტროლის დაწესება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა. აუცილებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზემდგომი თანამდებობის პირებისგან მიიღონ მკაფიო გზავნილი, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა დაუსჯელი არ დარჩება.
2015 წლის მსგავსად 2016 წელს პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები სჭარბობდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. აღსანიშნავია, ისიც რომ გასულ წელთან შედარებით, 1/3-ით შემცირდა შემთხვევები, როდესაც შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახალხო დამცველმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, სამწუხაროდ, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა კვლავ არაეფექტურია. ბოლო 4 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად არცერთ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა. შესაბამისად, 2013-2015 წლების მსგავსად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ და პენიტენციურ სისტემაში სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების წარმოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო.
სამწუხაროდ, საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე არ არის უზრუნველყოფილი წამების მსხვერპლთა სამართლებრივი დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე.
საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს და არსებული პრაქტიკის შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების რეგულაციების და ნარკოდანაშაულისათვის პატიმრობის როგორც არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით.
2016 წელს წითელ ხაზად გასდევდა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფის ან ხელყოფის მუქარის ფაქტები. რამდენიმე თვის განმავლობაში საჯარო პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები პერმანენტულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებ–გვერდებზე და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობდნენ მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუდგენია აღნიშნული კადრების ინტერნეტ სივრცეში გამავრცელებელი ან მუქარის განმახორციელებელი პირები. ადეკვატური ზომები არ გატარებულა არც აგვისტოში გავრცელებულ წამების კადრებთან დაკავშირებით. ამ კადრების უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომობა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს.
საქართველოს სახალხო დამცველი არასაკმარისად აფასებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობას აღნიშნული დანაშაულების გამოძიების საქმეში და მოუწოდებს მას, იმოქმედოს დროულად და ეფექტურად და პასუხისგებაში მისცეს ყველა ის პირი, ვინც შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ფაქტების მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. 2017 წლის 1 მარტს მიღებული ცვლილებების მიხედვით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გატარების მიზნით,შეიქმნა სსიპ „საქართველოს ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო“. მართალია, სააგენტოს ფორმალურად დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტები აქვს, თუმცა იგი რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას.
ამასთან, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა.სახალხო დამცველი არაეფექტიანად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის – ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებას. შემოწმებას ატარებს ნდობის ჯგუფის მიერ შერჩეული ერთი წევრი, წელიწადში მხოლოდ ორჯერ, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს კონტროლის მექანიზმში საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ შეიძლება შეფასდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მნიშვნელოვანი საფრთხის გამომრიცხავ გარანტიად. საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთან“ დაკავშირებით. სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც.
საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემდა, მათ შორის, ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე უცნობია სახალხო დამცველის 2013–2015 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული გახმაურებული და საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების, მათ შორის სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების გამოძიების შედეგები.
სახალხო დამცველის აპარატმა განახორციელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროექტი. არჩევნების ჩატარებისას არ გამოვლენილა დარღვევები, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე. მათი დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. თუმცა საგანგაშო იყო რამდენიმე საარჩევნო უბანზე ან უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩადენილი ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, რომლებზეც ადგილზე მასობრივად მობილიზებულ პოლიციის მუშაკებს დროული რეაგირება არ მოუხდენიათ.
2016 წელს მშვიდობიანი შეკრების უფლების მაშტაბურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, იყო რამდენიმე გამონაკლისი, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვა, მათ შორის 2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში. ამ ფაქტის გამო პასუხისგებაში დღემდე არავინაა მიცემული.
საქართველოს სახალხო დამცველი დაგვიანებულად აფასებს სამართალდამცავთა რეაგირებას 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, სადაც საპროტესტო აქცია სწრაფად გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელსაც შედეგად ძალადობა, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება და ქონების განადგურება მოჰყვა.
საქართველოს სახალხო დამცველი საანგარიშო პერიოდში აკვირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესს, ისევე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეებს მედიის თავისუფლების კონტექსტში განიხილავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საფრთხე.
აუცილებელია დროულად იქნას ინიცირებული ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის მექანიზმი, დაწესდება სანქციები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის შემთხვევებში.
რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები უცვლელია. რელიგიურ უმცირესობებს საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას კვლავ ექმნებათ ბარიერები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან. ეროვნული უმცირესობები კვლავ ნაკლებად იყვნენ ჩართულიქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში ასახვის მიუხედავად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასკოლო სახელმძღვანელოებში სტერეოტიპული შინაარსის მქონე ცალკეული მასალების არსებობა.
2016 წელი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტაბილურად მძიმე იყო. თუმცა, წინა წლისგან განსხვავებით, გამოვლინდა მკვლელობის და გაუჩინარების ფაქტები. ამ შემთხვევების ირგვლივ გამართული უშედეგო მოლაპარაკებები ნათლად წარმოაჩენს მხარეთა შორის რეალური თანამშრომლობის არარსებობას, რაც აჭიანურებს გამოძიებას და აფერხებს სიმართლის დადგენას. უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვა, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, გადაადგილების, ჯანმრთელობის და განათლების უფლებებზე.
მიუხედავად მთავრობის მიერ განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისა, დღემდე შეუსრულებელია სახალხო დამცველის რეკომენდაციები რეფერალურ პროგრამაში გალის მოსახლეობის ჩართვასთან დაკავშირებით, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ცნობად მიღებისა და საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის თაობაზე.
მიუხედავად დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯებისა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დევნილთა განსახლება; არაერთი დევნილი კვლავ სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდშიც გრძელდებოდა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ პირთა განსახლება, ერთიანი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა კვლავ პრობლემაა.
მიმდინარე წელს უმწვავეს პრობლემად დარჩა შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა, რაც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს. 2016 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია.
საანგარიშო პერიოდში საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრები ეხებოდა მიწის/უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. წინგადადგმული ნაბიჯია მიწის რეგისტრაციის ახალი პროექტების ამოქმედება და აუცილებელია მათი სრულყოფილი იმპლემენტაცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ქვეყანაში სათანადოდ რეალიზებული არ არის. მსხვილ კერძო ეკონომიკურ ინტერესებთან დაპირისპირებისას, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის საზიანოდ წყდება. ამ დრომდე კონკრეტულ შედეგებამდე არ მისულა საყდრისი–ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება. ასევე, არ არის გამოძიებული რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საკითხი.
ცვლილებას საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსებული სისტემა. ჯანსაღი გარემოს არსებობას ხელს უშლის ხმაურით დაბინძურება და მის წინააღმდეგ ეფექტიანი მექანიზმების არარსებობა. ასეთი შემთხვევებისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობის რაიმე ზომას, რაც დროულად შესაცვლელია.
კვლავ პრობლემად რჩება საკანონმდებლო დონეზე უსახლკარო პირის სრულყოფილი დეფინიციის არარსებობა; უსახლკარო პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების არქონა და შესაბამისად, უსახლკარობის მასშტაბების ბუნდოვანება; ამ მიმართულებით, ინფრასტრუქტურული რესურსის არარსებობა, გამოყოფილი ფინანსური სახსრების სიმწირე და სხვა. გადახედვას საჭიროებს სოციალური შემწეობის არსებული სისტემა მასში არსებული პროგრამული ხარვეზების გამო.
სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის თემის პოლიტიკური მნიშვნელობა დღემდე აქტუალური განსჯის საგნად რჩება. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის მიუხედავად, რეპატრიანტის სტატუსის მქონე მხოლოდ ერთეულმა პირებმა მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა.
წინა წლებთან შედარებით, 2016 წელს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია. დადებითად უნდა შეფასდეს 2016 წელს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება, რომელიც არსებითად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, თუმცა, კანონი საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის განხილვის არაგონივრულად ხანგრძლივ ვადას ითვალისწინებს.
2016 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ბავშვისუფლებების გათვალისწინება, დაცვა და ხელშეწყობა კვლავ პრობლემად რჩება. ბავშვთა მიმართ ძალადობის, უკიდურესი სიღარიბისა და ბავშვის უფლებათა სხვა დარღვევების აღმოსაფხვრელად მიღებული ზომები, არასაკმარისია. სახელმწიფო ზრუნვის მიღმა დარჩენილ უხილავ ბავშვებთან ერთად, არსებითად არც სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეცვლილა.
სახელმწიფო გამოწვევების წინაშეა ოჯახში, სამზრუნველო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მხრივაც. გადაუჭრელ საკითხთა შორისაა ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც თავის მხრივ, განაპირობებს პრობლემებს ბავშვთა საჭირო საკვებით უზრუნველყოფისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ „დისკრიმინაციისყველაფორმისაღმოფხვრისშესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან თითქმის 3 წელი გავიდა, კვლავ არის პრობლემური საკითხები, რომელიც მის ეფექტურ იმპლემენტაციას დაბრკოლებას უქმნის. ერთ-ერთ გამოწვევად რჩება კანონში ე.წ. პირველი ტალღის ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, რომლის შესახებ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების ინიცირება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო საკითხთა კომიტეტმა მოახდინა 2015 წელს.
დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შემწყნარებლური გარემოს ფორმირება.
ქალთაუფლებრივიმდგომარეობისდაგენდერულითანასწორობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, მიმდინარე საანგარიშო წელს, არსებითად არ შეცვლილა. კვლავ კრიტიკულად დაბალია ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებში ინტერსექციური მიდგომების ნაკლებობა, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალთა პრობლემატიკის ასახვას აბრკოლებს და მათი მოწყვლადობის ხარისხს ზრდის.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე უფრო მეტად გამოიკვეთა სისტემური ხარვეზები, რაც რეაგირების ეფექტიანობისა და პრობლემის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების შესახებ საზოგადოების დაბალი ცნობიერება და გულგრილი დამოკიდებულება, რასაც ხშირად არასრუწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა და თანასწორუფლებიანობის დარღვევა სდევს თან.
განსაკუთრებით მძიმეა ლგბტიპირთაუფლებრივიმდგომარეობა. არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, ლგბტი ადამიანები ვერ ქმნიან საკუთარ უფლებრივ და სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ დღის წესრიგს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა, მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტი ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელებას.
სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შეზღუდულიშესაძლებლობისმქონეპირთასოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. ამასთან, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა. ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. ამასთან, გამოწვევაა სწავლების ხარისხი და უწყვეტობა.
2016 წელს ორი წელი შესრულდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში კვლავ დგას კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა ეროვნული კანონმდებლობის კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
ხანდაზმულპირთაუფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება ჯერ კიდევ ვერ პასუხობს თანამედროვეგამოწვევებსა და საერთაშორისომიდგომებს.კვლავ პრობლემას წარმოადგენს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების პროცესში მხარდაჭერა. სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩება ხანდაზმულთა რეზიდენტულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით ხელშესახები ცვლილები არ გატარებულა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. სათანადოდ არ ხდება მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებების შესწავლა და მათი ინტერესების გათვალისწინებით მიზნობრივი პროგრამების დაგეგმვა.
იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია
იხილეთ 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის აუდიო ვერსია
[1] ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 382-ით იყო შემცირებული