საქართველოს სახალხო დამცველი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოთხოვნას სქესის ნიშნით დისკრიმინაციად მიიჩნევს
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საახალწლო კონცერტის წამყვანად მამაკაცს ეძებს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დასაქმების სფეროდან ქალთა სეგრეგაციის მიზნით სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება, სამწუხაროდ, დღეს ისევ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ქალთა გამორიცხვის მსგავსი აშკარა მცდელობა საჯარო ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებით საგანგაშოა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისი პირობები შექმნას ქალების მიერ შრომის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად, თვითმმართველობის ორგანო თავად უწყობს ხელს დასაქმების სფეროში ქალთა მიმართ დისკრიმინაციული შეხედულებების დამკვიდრებას.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, გამოცხადებული კონკურსის დროს ყველას თანასწორი პირობები შეუქმნას, რაც, მათ შორის, გულისხმობს, რომ დისკრიმინაციული შეზღუდვებით არ ჩამოართვას შესაძლებლობა კონკრეტული სქესის ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ სამუშაოს უფლებაზე. ქალისა და მამაკაცის როლის გათანაბრებასთან ერთად თანდათან ქრება განსხვავება ქალისა თუ მამაკაცის მიერ შესასრულებელ სამუშაოებს შორის და ქალები მეტ-ნაკლებად ემანსიპირებულნი არიან შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში, თუმცა, ზოგიერთ დამსაქმებელს კვლავ აქვს სტერეოტიპული შეხედულებები შესასრულებელი სამუშაოსადმი გენდერული კუთვნილების თაობაზე, რაც წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული პრაქტიკის ჩამოყალიბებას იწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს, რომ აღმოფხვრას დისკრიმინაციული მიდგომა და საახალწლო ღონისძიების წამყვანის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა მისცეს კანდიდატებს არა მათი სქესის, არამედ შესასრულებელ სამუშაოსთან მათი კვალიფიკაციის შესაბამისობის გათვალისწინებით. ასევე, მომავალში დასაქმების თუ სხვა სფეროში, თავი შეიკავოს დისკრიმინაციული მიდგომებისგან.