ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდა

2021 წლის 19 მაისს სახალხო დამცველმა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის შემთხვევაზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას ზოგადი წინადადებით მიმართა.

2020 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით განმცხადებლის შვილის კრიტიკული ფეისბუქ პოსტების საფუძველზე დაიწყო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა.

განმცხადებელს 2017 წლის 10 ივლისიდან ეკავა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობა, თუმცა, ფაქტობრივად კანცელარიის თანამშრომლის ფუნქციებს ასრულებდა, ვინაიდან, მისი პოზიციის შესაბამისი სამუშაოს შესრულება არ შეეძლო. 2020 წლის ოქტომბერში განმცხადებელს სწორედ თავისი თანამდებობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლისთვის მის მიერ დაკავებული თანამდებობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების შეთავაზება, რითიც ირიბად შეიქმნა სამსახურიდან წასვლის წინაპირობა, დროში დაემთხვა მისი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებასა და კრიტიკული განცხადებების გავრცელებას. ხოლო, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის გაქარწყლება.

სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას მოუწოდა, მომავალში თავი შეიკავონ შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობისგან და სხვა თანამშრომლებს არ შეუქმნან დისკრიმინაციული წინაპირობები, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნით. ამასთან, საქმიანობის განხორციელებისას იხელმძღვანელონ თანასწორობის პრინციპების დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)