ახალი ამბები

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროება - მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ - დაადგინა

სახალხო დამცველმა შპს ფაქტორ გრუპში“ დასაქმებული ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და 2022 წლის 5 ივლისს რეკომენდაციით მიმართა კომპანიის დირექტორს, სადაც მოუწოდა მას მომავალში არ განახორციელოს დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

სახალხო დამცველის აპარატში განმცხადებლის ინტერესებს ააიპ „საფარი“ წარმოადგენდა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში, კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო. მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.

საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზმა აჩვენა, რომ მოპასუხის (კომპანიის დირექტორის) მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ საქმეში სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე - „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციაში კომპანიის ხელმძღვანელს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაოს შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)