ახალი ამბები

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

2023 წლის 30 იანვარს სახალხო დამცველმა შპს „შირნჰოფერს“ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

საქმის მასალების თანახმად, კომპანიის ხელმძღვანელი პირების მითითებით, ფილიალებში ვადაგასული პროდუქცია იყიდებოდა. განმცხადებლის განმარტებით, როდესაც მან ამის შესახებ უკმაყოფილება გამოხატა, ხელმძღვანელმა პირებმა განუცხადეს, რომ თუ არსებული პირობებით მუშაობა არ მოსწონდა, სამსახურიდან წასულიყო. ამასთან, დამსაქმებელმა განმცხადებელს სამუშაო ადგილი შეუცვალა, ჩამოართვა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკა, ხოლო კორპორაციული ტელეფონის ნომერი გაფრთხილების გარეშე გაუთიშა. საბოლოოდ, განმცხადებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დისკრიმინაციული მოპყრობის გასაქარწყლებლად დამსაქმებელმა სახალხო დამცველის აპარატში სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „შირნჰოფერს“, განიხილოს განმცხადებელთან შრომითი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა და შექმნას სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტები და ქმედითი ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)