სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და დაძლევის საკითხები განიხილა
2018 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და დაძლევის საკითხები განიხილა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლის შესახებ მის აპარატში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი კამპანიების და მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობით, სახალხო დამცველისადმი მომართვის მაჩვენებელი გაიზარდა და მიუხედავად მტკიცებულებათა ნაკლებობისა და არასრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩოსი, სახალხო დამცველი, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეაგირების მიღმა არ ტოვებს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებს.
სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს კანონმდებლობაში გაკეთდეს ერთმნიშვნელოვანი ჩანაწერი, რაც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს საკითხის სწორ სამართლებრივ შეფასებას, მეორე მხრივ, კი ეს იქნება სახელმწიფოს პასუხი საზოგადოების თუ თავად მსხვერპლების იმ არასწორ ფსიქო-სოციალურ განწყობებზე, რომელიც ამ ფენომენთან არის დაკავშირებული.
ნინო ლომჯარიამ შეხვედრაზე ისაუბრა სექსუალური შევიწროების ფაქტებზე შიდა რეაგირების მექანიზმზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში 2014 წლიდან მოქმედებს. ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ვებ–გვერდზე განთავსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადებული ელექტრონული სასწავლო კურსი სექსუალური შევიწროების საკითხებზე, რომელიც არაერთი ორგანიზაციის და სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა გაიარა.