სახალხო დამცველმა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა
2018 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას ეწვია და საჯარო ლექცია გამართა. ნინო ლომჯარიამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს, პროფესორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მთავარი გამოწვევები განიხილა; ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადგილსა და მნიშვნელობაზე ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის.
ორსაათიანი შეხვედრის დროს, რომელიც კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა, სახალხო დამცველმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების გამოვლენის მაჩვენებლის ზრდაზე, რისკების ინდივიდუალური შეფასების მეთოდზე, შშმ პირთა პრობლემებზე, მათ შორის გარემოს ადაპტაციის, დასაქმების და სხვა საკითხებზე.
სამართლიანი სასამართლოს კუთხით მდგომარეობის განხილვისას ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა გამოძიების კვალიფიციურობისა და დამოუკიდებლობის პრობლემას. აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი წლები ლობირებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბებას, რადგან პროკურატურის გამოძიება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ხშირ შემთხვევაში არაეფექტური იყო.
სახალხო დამცველმა ასევე სასამართლოს სისტემის რეფორმების და მათ შორის მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სტუდენტებს თავისი რეკომენდაციები გააცნო.
სტუდენტები განსაკუთრებით შრომის უსაფრთხოების საკითხებით და სახალხო დამცველის პრაქტიკით დაინტერესდნენ.