სახალხო დამცველმა რელიგიის სააგენტოს ქართულ-ამერიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2024 წლის 9-10 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმში გამართულ მეორე ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც თანამედროვე გლობალური გამოწვევების დასაძლევად რელიგიური განათლების როლი განიხილეს.
კონფერენციაზე საქართველოს სახალხო დამცველმა რელიგიური ტოლერანტობის კუთხით წლების მანძილზე შესწავლილი გამოწვევები და მათი აღმოფხვრის მიმართულებით აპარატის მუშაობის პრაქტიკა განიხილა, ასევე, ხაზი გაუსვა რელიგიის თავისუფლების უფლების რეალიზაციისთვის სახალხო დამცველის აპარატის როლს და შემუშავებული რეკომენდაციებიც წარმოადგინა.
თავის გამოსვლაში ლევან იოსელიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხზე და მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობის აღწერისა და შეფასების პროცესის დაწყების აუცილებლობაზე. ასევე, მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.
სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველმა ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას არსებული პრობლემების გადასაჭრელად სახალხო დამცველის რეკომენდაციების, მათ შორის, შრომის კოდექსში უმცირესობათა რელიგიური დღესასწაულების უქმეებად გამოცხადების შესახებ რეკომენდაციის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.
კონფერენცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა.