სახალხო დამცველმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
2024 წლის 28 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობას და იმედი გამოთქვა, რომ ორი ინსტიტუციის ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანაში უფრო მეტად ამაღლდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი.
შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური სფეროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ისაუბრეს. კანონი ძალაში 2024 წლის 1 მარტიდან შედის.
ღონისძიებაზე პირადი ინფორმაციის დაცვის ახალი სტანდარტი, კანონის იმპლემენტაციის პროცესი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობები მიმოიხილეს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველომ მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს (EDPB) საქმიანობის დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა.