სახალხო დამცველმა ოზურგეთში უფასო სასადილო და ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი მოინახულა
2020 წლის 3 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო მოინახულა, საკვების დამზადებისა და შენახვის პირობები შეამოწმა, ყოველდღიურ მენიუს გაეცნო და სასადილოს ბენეფიციარებს გაესაუბრა. უფასო სასადილო 180 ბენეფიციარს ემსახურება.
სახალხო დამცველთან შეხვედრისას ბენეფიციარებმა დადებითად შეაფასეს სასადილოს მომსახურე პერსონალის მომსახურების ხარისხი; თუმცა აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი სასადილო ფუნქციონირებს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს, ამ სერვისით სარგებლობისთვის ტრანსპორტით გადაადგილება უწევს, რაც ცალკე სირთულეებთან არის დაკავშირებული.
სახალხო დამცველის შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს მომლოდინეთა სიები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკვები ერთფეროვანია; კვირიდან კვირამდე არ იცვლება მენიუ და სასადილოს ადმინისტრაციას არც მისი შეცვლის და არც კერძების სეზონური პროდუქტებით მომზადების უფლება არ აქვს. დიდი პრობლემები შექმნა სასოფლო-სამეურნეო მოსავალზე ფასების მატებამაც.
სახალხო დამცველმა ასევე მოინახულა ოზურგეთის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი, რომელიც ბენეფიციარებს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, ასევე, სოციალური მუშაკის მომსახურებას სთავაზობს.
სახალხო დამცველი დეტალურად გაეცნო დაწესებულების საქმიანობას. კრიზისული ცენტრის იურისტის განმარტებით, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, გურიაში მიმართვიანობა დაბალია და მიუხედავად ცენტრის თანამშრომელთა ძალისხმევისა, მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, უფრო მეტი და აქტიური საინფორმაციო კამპანიების გატარება არის საჭირო. სახალხო დამცველი გაესაუბრა მომსახურე პერსონალს და დაათვალიერა შენობა.