სახალხო დამცველმა მარნეულის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
2019 წლის 13 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე მარნეულის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს ეწვივნენ, დაათვალიერეს შენობა, გაესაუბრნენ პერსონალს და მომართვიანობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
ახლადგახსნილი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას, ფსიქოლოგის კონსულტაციას და სოციალური მუშაკის მომსახურებას უწევს.
სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში რეგიონში მოქმედი კოლეჯების სტუდენტებთან და პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხებზე, სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობასა და განათლების უფლებაზე ისაუბრეს. ნინო ლომჯარიამ სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მარნეულის საზოგადოებრივმა კოლეჯმა საქართველოს სახალხო დამცველს რეგიონში სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით აქტიური მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ქართული ენის მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის შემაშფოთებელ მდგომარეობაზე, რაც სათუოს ხდის ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას.