ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილების საკითხზე მიმართა

2021 წლის 9 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის საქმეზე ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ორსულ ქალებს დაბრკოლები ექმნებათ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მუდმივად უწევთ ბრძოლა როგორც გარემოზე წვდომის, ისე - სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო მომსახურებით სხვა პირთა თანასწორად სარგებლობისთვის. კიდევ უფრო მწვავე არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან ორსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, რაც უშუალოდ ამ ორი ნიშნის მატარებელ პირთა უფლებების დაცვისაკენ მიმართული ზომების მიღებას საჭიროებს.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუწოდა:

  • სისტემურად გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორსული ქალების საჭიროებები ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით და მათი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა
  • უზრუნველყოს, რომ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ მიენიჭოს სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც არ იქნება უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემო
  • დააჩქაროს ქვეყნის მასშტაბით არსებული ანტენატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების რეგიონალიზაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)