სახალხო დამცველმა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა
2023 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა და მის მაცხოვრებლებს შეხვდა. დასახლებაში, რომელიც 2012 წლიდან არსებობს, ძირითად გამოწვევად კვლავ ინფრასტრუქტურული პრობლემები რჩება, დღემდე არ არის საკანალიზაციო სისტემა, გზა, ხოლო ელექტროგაყვანილობა კუსტარულად არის დამონტაჟებული, რაც საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს.
ოცნების ქალაქის მაცხოვრებელთა თქმით, მათთვის უცნობია თუ რა კრიტერიუმებით მოხდება მათი განსახლება ახალ შენობაში, რომელსაც ქალაქის თვითმმართველობა აშენებს, ვინაიდან სახლი მხოლოდ 580 ოჯახზე არის გათვლილი; მაშინ, როცა დასახლებაში ამ ეტაპზე 1500-მდე ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, მოსახლეობა ითხოვს სამართლებრივ გარანტიებს, რომ ყველა ოჯახი ბინით უზრუნველყოფილი იქნება.
ამავე ტერიტორიაზე სახალხო დამცველმა ყოფილი სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსი, ე.წ. ყაზარმების კორპუსი მოინახულა, სადაც 30-ზე მეტი ოჯახია თვითნებურად შესახლებული. შენობა დანგრევის პირას არის მისული და მასში ყოფნა საფრთხის შემცველია, მითუმეტეს, იქ მცხოვრები ბავშვების, მოხუცებისა და შშმ პირებისთვის.
სახალხო დამცველი წლებია სწავლობს ოცნების ქალაქში არსებულ ვითარებას და შესაბამის ორგანოებს მუდმივად მიმართავს რეკომენდაციებით, თუმცა, მოსახლეობა კვლავ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საკითხზე მუშაობას.