სახალხო დამცველმა ბათუმის დროებითი ღამის თავშესაფარი მოინახულა
2020 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბათუმში, დროებითი ღამის თავშესაფარი მოინახულა. სახალხო დამცველის შეფასებით თავშესაფრის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, შენობა მოძველებულია და დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს.
50 ადამიანზე გათვლილ თავშესაფარში ბენეფიციარები რეგულარულად სარგებლობენ ღამის გასათევით და საკვებით, ასევე სამედიცინო მომსახურებით. თუმცა, შენობის ინფრასტრუქტურა არ იძლევა საშუალებას, რომ მათ ადგილზე თვითონ მოამზადონ საკვები, რთულია ჰიგიენის დაცვაც.
ბენეფიციარები უკმაყოფილებას გამოთქვამენ შიდა პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც, თავშესაფრის ბინადრებს ტერიტორიის დატოვება 10:00 საათიდან 19:00 საათამდე უწევთ. გარემო პირობების გამო თავშესაფარში მცხოვრები პირები ტერიტორიაზე ყოფნის საათების გახანგრძლივებას ითხოვენ.