ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ასაკის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე მორიგების აქტი გააფორმა

2025 წლის 11 აპრილს სახალხო დამცველმა მხარეთა მორიგებით დაასრულა კიდევ ერთი სავარაუდო დისკრიმინაციის საქმე, რომელიც - ასაკის გამო გაცვლით სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის საკითხს შეეხებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, სახალხო დამცველმა მხარეთა შორის დავა მორიგებით მეოთხედ დაასრულა.

მორიგების პირობების თანახმად, მოპასუხემ განმცხადებელს მიმდინარე წელს დაგეგმილ გაცვლით სასწავლო პროექტში მონაწილეობა შესთავაზა. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების მნიშვნელობას, როგორც დავის გადაწყვეტის სწრაფ, ეფექტურ და დავის ორივე მხარისთვის მისაღებ მეთოდს.

საქართველოს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და ეცდება სამომავლო საქმიანობაში, სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)