სახალხო დამცველმა აპარატში დასაქმებული ომის ვეტერანები დააჯილდოვა
2023 წლის 17 ოქტომბერს ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ აპარატში დასაქმებული ომის ვეტერანები მადლობის სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.
სახალხო დამცველმა თანამშრომლებს ვეტერანთა დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა მათ სამშობლოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის თავდადება მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს მომავალი თაობებისათვის.
საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ვეტერანთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კერძოდ, აპარატს ვეტერანთა სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს 3 კონსტიტუციური სარჩელი აქვს მომზადებული.
კონსტიტუციური სარჩელი (#1363) შეეხებოდა იმ საკანონმდებლო ნორმის კონსტიტუციურობას, რომელიც საპენსიო ასაკს მიუღწეველი ვეტერანისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას კრძალავდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი გახდა მთავრობის მიერ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების და კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი შეზღუდვის შეცვლის საფუძველი.
კონსტიტუციური სარჩელით (#1755) გასაჩივრებულია ის საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ერთდროულად მიღებას.
კონსტიტუციური სარჩელით (#1773) სახალხო დამცველი სადავოდ ხდის იმ რეგულირებას, რომლითაც ვეტერანს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება უწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.