სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს
2025 წლის 19 მარტს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, #8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე მოინახულეს. ასევე, გაესაუბრნენ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგი ჩიკვაძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ვასაჯაროებთ.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი ჩიკვაიძის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას.