სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა გორის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა
2023 წლის 2 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გვარამაძემ რამდენიმე შეხვედრა გამართა გორის მუნიციპალიტეტში.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე რწმუნებულმა გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა; მხარეებმა განიხილეს გორის სოციალურ საცხოვრისში არსებული რთული ვითარება და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საკითხი.
მოგვიანებით სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ მეჯვრისხევში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სხვადასხვა დროს უკანონოდ დაკავებულ პირებს შეხვდა, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იზოლატორში არსებულ პირობებსა და მდგომარეობაზე ისაუბრეს.
დღის ბოლოს თამარ გვარამაძე გორში მდებარე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარს ეწვია, გაეცნო დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების ფუნქციონირებას და ხედვას სამომავლო გაუმჯობესების საკითხებზე.
შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ასევე, აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა გიორგი ტალახაძემ და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა ანა ჯანიაშვილმა და თამარ ცხოვრებაძემ.