ახალი ამბები

სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად ეუთო/ოდირმა მართლმსაჯულების ცალკეულ საკითხებზე დასკვნა მოამზადა

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 16 ივნისს ეუთო/ოდირმა დასკვნა მოამზადა[1] საქართველოში მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულ ცალკეულ აქტუალურ საკითხებზე.

ეუთო/ოდირს სახალხო დამცველმა გასული წლის 5 დეკემბერს მიმართა და სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესში აყენებდა, თუმცა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტში არ ასახულა. სასამართლო რეფორმაზე მუშაობა საქართველოს პარლამენტმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 17 ივნისს ევროკომისიამ 12 რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.

ეუთო/ოდირის დასკვნა, საერთაშორისო და რეგიონული ავტორიტეტული რეკომენდაციების, პრეცედენტული სამართლისა და ეუთოს რეგიონიდან პრაქტიკების მოხმობით, შემდეგ საკითხებს მიმოიხილავს:

  • კორპორატივიზმის რისკების თავიდან ასაცილებლად მართლმსაჯულების საბჭოებში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და ფუნდამენტურ საკითხებზე მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კონსენსუსის უზრუნველსაყოფი მექანიზმები;
  • საქმეების მოსამართლეებზე განაწილების ზოგადი წესები და კოლეგიების/პალატების დაკომპლექტება, გარე თუ შიდა ზეგავლენის პრევენციისათვის;
  • სასამართლოების თავმჯდომარეების შერჩევის პროცედურები დამოუკიდებლობის (როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოებისაგან, ასევე სასამართლო სისტემის შიგნიდანაც) უზრუნველსაყოფად;
  • ადმინისტრაციული და მენეჯერული პოზიციების მქონე მოსამართლეების სტატუსი და პრივილეგიები და სამოსამართლო პრაქტიკასთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობა;
  • მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმების სისტემა;
  • გარანტიები იმ ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რომელიც პასუხისმგებელია მოსამართლეების მიმართ დისციპლინური საქმეების დაწყებაზე;
  • მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონების მომზადებისა და მიღების პროცესთან დაკავშირებული სტანდარტები.

ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში დასრულებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და 13 ივნისს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული დასკვნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სამომავლო რეფორმების მომზადებაში, საქართველოს კონტექსტისა და საჭიროებების მხედველობაში მიღებით.


[1]ეუთო/ოდირის 2023 წლის 16 ივნისის დასკვნა, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://legislationline.org/sites/default/files/2023-06/Final ODIHR Note on Several Issues relating to Judicial Reform Georgia ENG.pdf

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)