სახალხო დამცველის განცხადება უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
უფლებადამცველების საქმიანობას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, დემოკრატიის ხარისხის, თანასწორობის, კანონის უზენაესობის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით. აღსანიშნავია მათი ძალისხმევა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ზრდის თვალსაზრისითაც.
1998 წლის 9 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია უფლებადამცველების შესახებ, რომელმაც უფლებადამცველთა დაცულობისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანეს უფლებებსა და პრინციპებს მოუყარა თავი. სწორედ უფლებადამცველთა საქმიანობის აღიარებას და დაფასებას უკავშირდება 9 დეკემბერის აღნიშვნა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებმა დეკლარაციის ერთხმად მიღებით, მისი იმპლემენტაციის შესახებ მაღალი მზაობა ჯერ კიდევ 22 წლის წინ დააფიქსირეს, მსოფლიოს მასშტაბით, კვლავ ხშირია უფლებადამცველთა სტიგმატიზაციის, მათ მიმართ დანაშაულებრივი ქმედებებისა და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევები. მიმდინარე წელს, მათი საქმიანობის შეუფერხებელ განხორციელებას დამატებითი გამოწვევები შეუქმნა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებულმა აკრძალვებმა.[1] პარალელურად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც პანდემიის საპასუხოდ, გაზრდილია ადამიანის უფლებების შეზღუდვის ბერკეტები, უფლებადამცველთა როლმა და მათმა ძალისხმევამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა დემოკრატიულ საზოგადოებებში.
ეროვნულ დონეზე, უფლებადამცველთა წინაშე არსებულ გამოწვევებს საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას, 2018 წლიდან, საპარლამენტო ანგარიშის დამოუკიდებელი თავით აფასებს.
სახალხო დამცველის მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა უფლებადამცველთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების არაერთი სამწუხარო ტენდენცია გამოკვეთა. მათ შორის, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გაჟღერების მიუღებელი პრაქტიკა,[2] რასაც, რამდენიმე შემთხვევაში, მიმდინარე წელსაც ჰქონდა ადგილი.[3]
გარდა ამისა, გასული პერიოდის მსგავსად,[4] კვლავ აქტუალურია და ვლინდება ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები. ამ თვალსაზრისით, ხაზი უნდა გაესვას რადიკალური ჯგუფების მხრიდან „თბილისი პრაიდის“ ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტების სიმრავლეს.[5]
სახალხო დამცველის შეფასებით, დღეისთვის, ეროვნულ დონეზე უფლებადამცველთა დაცულობის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია. სამწუხაროდ, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არ ხდება სათანადო პრევენციული ზომების მიღება ლგბტ+ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებზე თავდასხმების აღსაკვეთად. სიტუაციას ართულებს ის გარემოებაც, რომ კანონმდებლობა არ განმარტავს უფლებადამცველთა ცნებას, რაც არაერთ პრობლემას ქმნის მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვანი იდენტიფიცირების, შესაბამისი სტატისტიკის წარმოების და შედეგად, გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით.
უფლებადამცველთა დაცვის სფეროში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2020 წელს წარადგინა „ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო“, რომელიც განმარტებით-მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტია. მასში განმარტებულია უფლებადამცველთა ცნების საერთაშორისო სტანდარტი, მათი საქმიანობის არსი და ამ მიმართულებით, სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულებები, გამოკვეთილია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი და ფუნქციები, ასევე, ის ღონისძიებები, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ატარებს უფლებადამცველთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, ეფექტიანი პრევენციული და პროაქტიული ღონისძიებები გაატარონ უფლებადამცველთა დასაცავად და მათ მიერ საკუთარი უფლებების სრული რეალიზაციის ხელშესაწყობად.
[1] დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/37ymL78> [ბოლოს ნანახია: 04.12.2020].
[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 165-168; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 250-253.
[3] იხ. განცხადებები ვებგვერდზე: <https://bit.ly/2Y9xbG8>, <https://bit.ly/3190Lhc>, <https://bit.ly/316bmZX>, <https://bit.ly/3ggbsV6> [ბოლოს ნანახია: 04.12.2020].
[4] საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 251-252.
[5] ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/36ENjEj>, <https://bit.ly/36FTvvQ>, <https://bit.ly/3okLceY>, <https://bit.ly/3omQ0Ap>, <https://bit.ly/3mH2F0P> [ბოლოს ნანახია: 04.12.2020].