ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2020 წლის 14 ივლისს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას, რომელიც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამასთან, სახალხო დამცველი გამოთქვამს წუხილს, რომ წარდგენილი რეკომენდაციების მიუხედავად, კანონის მიღებისას გათვალისწინებული არ იქნა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები.

კანონი, გაეროს კონვენციის პრინციპებზე დაყრდნობით განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზების კუთხით. მიღებული დოკუმენტი საქართველოს მთავრობას აკისრებს ვალდებულებას - შეიმუშავოს და დაამტკიცოს შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ასევე, შექმნას შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ორგანო.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს გონივრული მისადაგების ტერმინის შემოღებასა და გონივრული მისადაგების პრინციპის დაცვით თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულების გაჩენას. პოზიტიური ცვლილებაა ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელ მუხლში ქალთა რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვაზე ყურადღების გამახვილება, ისევე როგორც შშმ ქალთა უფლებების ცალკე მუხლად გამოყოფა და მათი დაცვის მიზნით კანონით დამატებითი გარანტიების შექმნა.

კანონპროექტის სხვადასხვა რედაქციასთან მიმართებით საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთგზის წარადგინა მოსაზრებები, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ისე საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის რიგი რეკომენდაციებისა გაზიარებულია, კვლავ რჩება გარკვეული შეფასებები რომელთა კანონში ასახვაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი იზიარებს შშმ პირებისა და ორგანიზაციების მიერ კანონპროექტის განხილვის პროცესის შეფასების განცხადების სულისკვეთებას და არასაკმარისად მიაჩნია შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მიღების პროცესში შშმ პირებისა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების თანაბარი, სრული და ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევა.

სახალხო დამცველის შეფასებით კვლავ პრობლემურია შემდეგი საკითხები:

  • კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული ვადები საკმაოდ ხანგრძლივია და ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა წინაშე არსებული სისტემური პრობლემების დროულ და მყისიერ გადაწყვეტას. რაც განსაკუთრებით პრობლემურია შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის მიმართულებით. კანონის მიხედვით, განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა 2023 წლის პირველ იანვრამდე უნდა დამტკიცდეს. რაც კიდევ უფრო აჭიანურებს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და სხვა უფლებებებთან ურთიერთმკვეთი საკითხის გადაჭრას
  • განათლების უზრუნველყოფის ნაწილში კანონი არ ითვალისწინებს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ პირების (ბავშვების) წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის ვალდებულებას - როგორიცაა, უწყებებს შორის კოორდინაცია, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და განათლების პროცესში ჩართვის მექანიზმების დანერგვა
  • არასაკმარისია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით კანონით განსაზღვრული გარანტიები. კერძოდ, კანონი არ ითვალისწინებს თანამედროვე თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის ვალდებულებებს
  • სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს სოციალური უფლებების უფრო მეტად დაკონკრეტებასა და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას შშმ პირთა სათანადო საცხოვრისით და სოციალური პაკეტით უზრუნველყოფის საკითხებზე
  • კანონით არ არის მკაფიოდ დარეგულირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა ჩართულობის ასპექტები
  • კანონი კვლავ რეგულირების მიღმა ტოვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთრების ფლობის და მემკვიდრეობით მიღების, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვის, საბანკო სესხების, იპოთეკური, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარი მისაწვდომობის საკითხებს
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)