სახალხო დამცველის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე
2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო ფარული ჩანაწერების არსებობაზე, მათ შორის, პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება.
საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, თუ გამოქვეყნების მუქარის შემთხვევებს ძირითადად, ქალი პოლიტიკოსების მიმართ აქვს ადგილი და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ქალების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის, მათი გაჩუმების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემურ იარაღად გამოიყენება.
სახალხო დამცველი გმობს სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფის პრაქტიკას, სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და სახელმწიფოს დამაჯერებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.