სახალხო დამცველის განცხადება პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ მიმდინარე შეურაცხმყოფელ კამპანიაზე
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ეტაპირებისას, მის მიმართ შესაძლო სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითა. მოგვიანებით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ამ ქმედების შესაძლო განმახორციელებელი პირის შესახებ, რომელიც, მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. შედეგად, იდენტიფიცირებული პირის მიმართ შეურაცხმყოფელი და მადისკრედიტირებელი წარწერები და პოსტერები გავრცელდა როგორც ღია საჯარო სივრცეში, აგრეთვე, მის საცხოვრებელ კორპუსში.
საგულისხმოა, რომ მოცემული ეტაპისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიუღებლად მიიჩნევს გამოძიების დასრულებამდე, მოხელის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ასეთ მასობრივ და უხეშ ჩარევას, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობა დადასტურებული არ არის. ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამოხატვის ადრესატის ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დაცვის საჭიროებას და მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერებისა და პოსტერების განთავსებისგან, რაც, შესაძლოა, ახალისებდეს, მათ შორის, ბავშვის მიმართ ძალადობას, ბულინგს თუ სხვაგვარ ქმედებას.