სახალხო დამცველის განცხადება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს სავარაუდოდ, იძულებით დაატოვებინეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავ უწყებას ინფორმაცია მიაწოდა პანსიონში მისი ყოფნისას არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ.
სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა. დამატებით, მიმართა სამართალდამცავ უწყებას - მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება სავარაუდო იძულების, ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ვინაიდან, ახალგაზრდას არ აქვს სხვა საცხოვრებელი, იგი სახალხო დამცველის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით დროებით განთავსდა უსაფრთხო გარემოში. სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები და ყოფილი აღსაზრდელების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას. პროაქტიულად შესთავაზონ მათ უსაფრთხო გარემო და დაიცვან ნებისმიერი ფორმის ძალადობის, ზეწოლისა და იძულებისგან. ამასთან, გაგრძელდეს და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე მოხდეს იქ მყოფი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ოჯახებში და ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში განთავსება ალტერნატიული ზრუნვის ადგილებში.